მაჭახელას ეროვნული პარკი

აჭარა, ხელვაჩაურიეროვნული პარკი

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 - 350 მეტრ სიმაღლეზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში.

პარკი დაარსდა 2012 წელს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

ეროვნული პარკის ტერიტორია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ.

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები.

პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი:

1. მთავარანგელოზის ბილიკი – ამ ბილიკის სიგრძე დაახლოებით ოთხი კილომეტრია. ამ მანძილს მაჭახელას ხეობაში, კოლხურ, წიფლისა და წაბლის ტყეებში გაივლით და მთავარანგელოზის მთაზე ახვალთ, ე.წ. გადმოსახედ ადგილზე, საიდანაც ჩანს როგორ ერთვის მდინარე ჭოროხი შავ ზღვას, მოჩანს ასევე ბათუმი და ქედის , შუახევისა და ხულოს მთებზე შეფენილი სოფლები. როგორც აქ ამბობენ, ამ ადგილიდან მთელი აჭარა ხელისგულზეა.

მთავარანგელოზის ბილიკის გავლა შესაძლებელია ავტომანქანითაც, საავტომობილო გზის სიგრძე 8 კმ -ია.

2. ქოქოლეთის ბილიკი – ეს მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან 15 კილომეტრია. შესაძლებელია ფეხით და მაღალი გამავლობის [4X4] ავტომობილით ასვლა. ბილიკის ყველაზე მაღალი წერტილიდან ჩანს ზედა მაჭახელას ხუთი სოფელი, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. „ხუთი ხევი ჩანს, რომელიც მაჯის და ხელის ფორმა ქმნის და ამბობენ, რომ სახელის წარმოშობა სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება – „მაჯა-ხელა“ , ანუ მაჭახელა. ესეც ისტორიული ბილიკია,“ – ამბობენ ადმინისტრაციაში.

3. ტყუპი ჩანჩქერების ბილიკი – ეს ბილიკი სოფელ აჭარისაღმართში, ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გაივლის მოასფალტებულ სამანქანო გზას და მიდიხართ სოფელ ქოქოლეთისკენ , საიდანაც საფეხმავლო ბილიკი ეშვება ტყუპი ჩანჩქერისკენ. ბილიკის დასაწყისიდან 700 მეტრში, ხეობაში, დაახლოებით 47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი. ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

შენიშვნა : ქოქოლეთის ბილიკზე ტურის დაწყებამდე აუცილებელია 5 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან - საშვის მიღებისთვის, რადგანაც ეს არის სასაზღვრო ზოლი.

წყარო: georgiantravelguide.com

ყველა პარკი